ქართული ბიზნესსექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა ჩაირთო. პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება, ეროვნული ბანკისგან უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა და მუქარის წერილი ქვეყნის შს მინისტრისგან - ექსპერტების შეფასებით, "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება არც ადგილობრივ და მით უმეტეს არც უცხოელ ინვესტორებს არ მოუნდებათ, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუარესებს.
ამავეს ამბობდა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ახლა უკვე კრიტიკისა და ბრალდებების მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი 7 წლის წინ, თუმცა მაშინდელი მისი შეფასება მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალების" მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის პრაქტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
AMBEBI.GE-მ მოიძია ის იშვიათი ინტერვიუები მსოფლიო მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით საუბრობდა:
"ერთი რამ ცხადია: როდესაც ხელისუფლება ბიზნესს სრულად აკონტროლებს, ერთი ინვესტიციაც კი არ განხორციელდება ქვეყანაში" - აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის აგვისტოში, ამერიკული გამოცემა The Atlantic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა ("მილიარდერი საქართველოს მმართველად - ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან", ავტორი: არმინ როსენი).
7 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ბიზნესის მხურვალე დამცველს დღეს იმაში ადანაშაულებენ, რომ ანაკლიის პორტის წარმატებული პროექტის ხელში ჩაგდება სურს და ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაც ამას უკავშირდება. ყველაფერი მართლაც შეიცვალა, რადგან ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ თამამი იყო ბრალდებებში, როდესაც იმავე დანაშაულს მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირებდა.
"სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა. მან შეისწავლა როგორ დგინდება მსოფლიო ბანკის რეიტინგები. თუ საქართველოში ჩამოხვალთ, კომპანიის გახსნას ერთ დღეში შეძლებთ. მაგრამ, თუ მხოლოდ დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცესებს დავაკვირდებით, ეს ნამდვილად არის მიღწევა ევროპისა და მსოფლიო ბანკის თვალში. კი, ეს აძლევს მათ საშუალებას თქვან, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება შეიძლება.
მაგრამ, როგორც კი კომპანია მოგების მიღებას იწყებს, ისინი მოდიან და გართმევენ. აქედან გამომდინარე, ის რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ერთ დღეში შეიძლება, ბევრს არაფერს ნიშნავს და არანაირი რეალური ბიზნესი აქ არ კეთდება" - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი The Atlantic-თან ინტერვიუში.
მილიარდერი ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტზე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემასთან ხშირად საუბრობდა. მაგალითად, Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან პირდაპირ დაასახელა ის მაღალჩინოსნები, რომლებიც აღნიშნულ პროცესებს აკონტროლებდნენ. იხილეთ სრულად