მას შემდეგ, რაც „ფორბსმა“ მილიარდერების 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდად არის შეფასებული. საინტერესოა, რა ვითარებაა მილიარდერების ქონების მთვლელ „ცოცხალ რეიტინგში“ - „ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში“. ამ რეიტინგის თანახმად ქართველი მილიარდერის ქონება 6 მარტის მონაცემებით შეფასებულია 5,20 მილიარდ დოლარად, მაშინ როცა გასული წლის იმავე დღეს ის შეადგენდა 5,77 მილიარდ დოლარს. ამ დროისთვის ივანიშვილი „ცოცხალ ჩარტში“ 323-ე ადგილზეა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ინდექსი მუდმივად ცვალებადია იმის მიხედვით, თუ რა ფასი აქვთ კონკრეტულ მომენტში მილიარდერების აქტივებს მსოფლიოს სხვადასხვა ბირჟებზე.
რაც შეეხება ზოგადად რეიტინგს, აქაც ლიდერია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 140,1 მილიარდით, მეორე ადგილზეა „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი - 98,3 მილიარდით, მესამეზე კი პირველად აღმოჩნდა ბერნარ არნო „ლუი ვიუტონიდან“ 83,1 მილიარდით და მან პირველად გაუსწრო უორენ ბაფეტს, რომელმაც 83 მილიარდით მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. ხუთეულს კი ასრულებს „ზარას“ დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა 67,9 მილიარდი დოლარით.