ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენის პროგრამის განხორციელება დაიწყო

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენის პროგრამის განხორციელება დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ვაზის იმ უნიკალური და იშვიათი ჯიშების აღდგენა, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდის წინ მოჰყავდა ადგილობრივ მოსახლეობას და სხვადასხვა მიზეზის გამო, ან შემცირებული რაოდენობით, ან საერთოდ აღარ მოჰყავს დღეს.

პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოეწყო სანერგე, რომელსაც გააჩნია იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების - ცოლიკოურის, ალადასტურის, მეკრენჩხის, ბუტკოს, საწურის, ჩხავერის, ჯანის და სხვა ჯიშის ნერგები. ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა" (KTW) მევენახეებს ნერგებს უფასოდ გადასცემს, ხოლო შემდგომში ეს კომპანია ფერმერებისგან მოსავალს გარანტირებულად შეისყიდის, რაც იძლევა სტიმულს, რომ რეგიონში იშვიათი ჯიშები აღდგეს და გაშენდეს.

ამ დროისთვის მევენახეებზე უფასოდ გაცემულია 7 ათასი ვაზის ნერგი. შემოდგომიდან იგეგმება 70 ათასი ძირის გაცემა. ამასთან, პროგრამა ეხმარება ღვინის კომპანიებს მევენახე-პარტნიორების მოძებნაში, ასევე სანერგე მეურნეობებს ღვინის კომპანიებთან კონტაქტების დამყარებაში ეხმარება. პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.