2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე ჩვენ დაახლოებით მილიარდ 600 მლნ ლარს გავითვალისწინებთ, 2020 წელს ის გახდება 2 მლრდ, 2021 წელს - ორ მილიარდ ნახევარი, ხოლო 2022 წელს გაუტოლდება 3 მლრდ 400 მლნ ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2012 წელს მთავრობამ გადმოიბარა განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მლნ ლარს არ აღწევდა.
„გუშინ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ხედვა განათლების კონცეფციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ გახლავთ მხოლოდ განათლების კონცეფცია. ეს არის ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ დაძლიოს ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს ქვეყნის წინაშე. მეტიც, მე გუშინაც განვაცხადე, რომ პირადად ჩემთვის სწორედ ეს იდეა გახლავთ მთავარი მოტივაცია, რატომაც ვარ საჯარო პოლიტიკაში. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ მოვახდინოთ სრული ტრანსფორმაცია და დავაფუძნოთ ყველაზე გამორჩეული განათლების სკოლა, ამ შემთხვევაში ქართული სკოლა. განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკაში განათლების სექტორს არ უჭირავს ორნიშნა ციფრი, ანუ არ აქვს 10-11% მშპ-ში, 21-ე საუკუნეში, ასეთ ერებს ძალიან უჭირთ კონკურენცია საერთაშორისო ბაზრებზე, ვინაიდან ვერ ხდება ადამიანური კაპიტალის სწორი განვითარება. სწორედ ეს არის ჩვენი ორიენტირიც, რომ აღნიშნული იდეის განხორციელების შემდეგ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში და ის იყოს მინიმუმ ორ ნიშნა ციფრი. 2012 წელს გადმოვიბარეთ განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მლნ ლარს არ აღწევდა, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე ჩვენ დაახლოებით მილიარდ 600 მილიონ ლარს გავითვალისწინებთ. 2020 წელს ის გახდება 2 მილიარდი, 2021 წელს 2 მილიარდ ნახევარი, ხოლო ჩვენი ინიციატივის შედეგად, 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ 3 მილიარდ 400 მლნ ლარს, ხოლო შემდგომი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე თუ ყველა შემდგომი მთავრობა ვალდებული იქნება მშპ-ის 6%, ანუ ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, ახალგაზრდობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.