„ის, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია, ყველაზე იაფფასიანი და უპასუხისმგებლო პოლიტიკური სპეკულაციაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა დაინტერესებულია ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტით, ხოლო პირადად მას პროექტში დიდი დრო და ენერგია აქვს ჩადებული.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ აქვთ მცდელობა, ანაკლიის პროექტიც კი ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ საკითხს მიაბან. მინდა, გულწრფელად და გარკვეული ემოციებითაც გითხრათ, ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებებს, ჩემთვის მართლაც ძალიან რთულია, ემოციების გარეშე შევაფასო ეს ყველაფერი. არა მგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, ვისაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ამ პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე, გინდ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გინდ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და გინდ, საქართველოს რკინიგზაში მუშაობის დროს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის, უფრო მეტიც, ის გახლავთ ჩემი ხედვისა და სტრატეგიის ნაწილი, რათა საქართველო გავხადოთ რეგიონალური „ჰაბი“, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას პრიორიტეტულ პროექტად განიხილავს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ევროკავშირმა იმ პრიორიტეტულ საინვესტიციო გეგმაში, რომელიც წარმოადგინა, ანაკლია შეიყვანა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში. აქედან გამომდინარე მინდა, ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა: როგორ შეიძლება, ვინმეს ამის მერე ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია? ეს არის ყველაზე იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი მე ბოლო პერიოდში მომისმენია და ამავე დროს, სრულიად უპასუხისმგებლო. თუ ვინმეს აქვს გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, და ამავე დროს, ის არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის ამის უფლებას თავს ნამდვილად არ მისცემს. შესაბამისად, მრჩება მხოლოდ ერთი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაციაა და მცდელობაა იმისა, რომ საკითხიდან, რომელიც რასაკვირველია, უნდა იყოს პროფესიული მსჯელობის საგანი, აქცენტის გადატანა ხდება. კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი მთავრობისთვის, ბრიუსელშიც კიდევ ერთხელ მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორიტეტულ საინვესტიციო ნუსხაში და ამავე დროს, მადლობა ყველა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც განიხილავს და ასეთი მაღალი პერსპექტივით უყურებს ამ პროექტს“, - განაცხადა ბახტაძემ.