ქაილ ჯენერი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა „სელფმეიდ“ მილიარდერია

მოდელი და კომპანია Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი ქაილ ჯენერი ყველაზე ახალგაზრდა „სელფმეიდ“ მილიარდერი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა კომპანიამ Ulta Beauty Inc-თან ხელი ექსკლუზიურ პარტნიორობას მოაწერა.

ჯენერი 21 წლისაა და მისი ქონება შეფასებულია 1,02 მილიარდ დოლარად. „ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის“ თანახმად, ჯენერის კუთვნილებაშია მისი კომპანიის 90%, დანარჩენი 10% კი მისი დედის -კრის ჯენერის, რომელიც ამავდროულად არის ამ კომპანიის მენეჯერი და აკონტროლებს ფინანსურ და პიარის მიმართულებას.

კაილ ჯენერმა, რომელიც გახლავთ კიმ კარდაშიანის ნახევარდა, კომპანია Kylie Cosmetics 2015 წელს დააფუძნა. გასულ წელს ამ კომპანიამ 360 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.

ჯენერს, რომელიც არის კარდაშიანი-ჯენერების კლანის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ინსტაგრამზე 128 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ამ პოპულარობას კარგად იყენებს მისივე პროდუქციის პრომოუშენისთვის.

კოკა კვირკველია