ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ძალიან მძიმე ბრალდებაა, ეს ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებისთვის პასუხი უნდა აგო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის.
„ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ წამიკითხავს. აუცილებლად მოვისმენ ამ განცხადებას. თუმცა ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება. როცა ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებისთვის პასუხი უნდა აგო. ჩვენი ფილოსოფია არის ის, რომ თითოეულ ადამიანს ვცემთ უდიდეს პატივს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, რომელიც მოითხოვს ასეთი გამოძიებების დასრულებას უმოკლეს ვადაში და ამაზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგები და არა ის, რომ ვიღაც განცხადებას გააკეთებს, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოს.
„მე გიპასუხებთ იმ საკითხზე, რაც ეხება ვითომ ბიზნესზე ზეწოლას. ჩემთვის მთავარია ობიექტური კრიტერიუმები, ვინაიდან სამწუხაროდ, შეფასებებში ხშირად ვისმენთ როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებულ თუ დამახინჯებულ ფაქტებს. თითოეული მოქალაქის წარმატებაა, რომ საქართველოს მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად, მე დავასახელე doing business-ში მე-6 ადგილი, ბევრი სხვა რეიტინგი შემიძლია მაგალითად მოვიტანო ამისთვის, რომლებიც ობიექტურ კვლევებზეა დაყრდნობილი. ჩემთვის რეიტინგებსაც შინაარსობრივად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არის მექანიზმი, რომ ჩვენ დავძლიოთ გამოწვევები, რომელიც გვაქვს და უნდა დავძლიოთ. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ობიექტური კრიტერიუმი და არა ის, რომ ვიღაც განცხადებას გააკეთებს, ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ვასილ სოფრომაძემ პოლიტიკოსებს მიმართა. ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.