საქართველოში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ აუცილებლად, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. რა თქმა უნდა, ზოგადად, ფართო საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამით ჩვენ გამოუსწორებელ ზიანს არ ვაყენებთ ბუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორია მისი ხედვა იმაზე, რომ მაჭახელაში ჰესის მშენებლობის შეჩერების თაობაზე პრემიერისადმი მიმართვას გეგმავენ და ამასთან, რა პოლიტიკა ექნება ხელისუფლებას ჰესებთან დაკავშირებით.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა ზოგადად მიდგომა არის იმგვარი, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები.
„მე, ზოგადად, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია და კიდევ ერთელ დავაფიქსირებ. ნებისმიერი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით კრიტიკული არის ორი დარგი: ტრანსპორტი და ენერგეტიკა. ენერგეტიკაში გვჭირდება ახალი დადგმული სიმძლავრეები, ეს არის კონკრეტული მოცემულობა. ბუნებრივია, საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს განახლებად ენერგიაზე და ამ შემთხვევაში, იმ ჰიდრორესურსზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი უპირატესობა. მეორე მხრივ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ობიექტებზე, რომელმაც შეიძლება გარკვეული შედეგი იქონიოს ადგილობრივ ბუნებაზე და ეკოსისტემაზე, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და ინტერესები“, - განაცხადა ბახტაძემ.