მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს 2020 წლიდან ფარების გამოცვლის ვალდებულება ექნებათ

„მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს 2020 წლიდან ფარების გამოცვლის ვალდებულება ექნებათ“.

ამის შესახებ „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ მსმენელის კითხვის პასუხად განაცხადა.

„მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს სტიკერების გამოყენების უფლება გაქვთ 2020 წლამდე. ამის შემდეგ შემოდის ვალდებულება, რომ ფარები გამოიცვალოს. სამწუხაროდ, ჩვენმა მოქალაქეებმა სწორად ვერ აღიქვეს, რომ სტიკერი დაშვებული იყო როგორც გამონაკლისი, მიდიოდნენ ინსპექტირებაზე, აკრავდნენ სტიკერს, მაგრამ ცენტრიდან რომ გამოდიოდნენ, ისევ აძრობდნენ და შედეგი რეალურად არ დგებოდა. ამის გამო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტიკერები გარდამავალ პერიოდში - 2020 წლამდე იყოს დასაშვები. შესაბამისად, მომავალი წლიდან მარჯვენასაჭიანი და ზოგადად, ისეთი ავტომობილებისთვის, რომლებიც შემხვედრი ავტომობილის მძღოლის მხედველობის არეალს ზღუდავენ, სტიკერები ვეღარ გამოიყენება,“-აღნიშნა იორდანიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, რეტრო ავტომობილებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება არ აქვთ. როგორც იორდანიშვილმა აღნიშნა, ამ ტიპის რარიტეტულ ავტომობილად ითვლება 1960 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ ავტომობილი მუქი გამონაბოლქვის შემთხვევაში ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლის.

გარდა ამისა, ავტომობილის დახარვეზების საფუძველს აღარ წარმოადგენს საქარე მინაზე ბზარების არსებობა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დასაშვები იქნება მინამწმენდის მოქმედების არეში, არაუმეტეს სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, ტექინსპექტირების ორგანოებში შემოწმებას აღარ დაექვემდებარება ავტომობილის დამუქებული მინები. შესაბამისად, ამაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღარ დახარვეზდება.

რეგლამენტში შესული ცვლილების მიხედვით, აღარ მოხდება ფერის გამო დახარვეზებაც. საუბარია, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ავტომობილს აქვს სტიკერები, სარეკლამო ბანერები და ფაქტობრივად, შეუძლებელია ფერის გარჩევა. იგივე ე.წ. შპაკლზეც აღარ დახარვეზდება ავტომობილი.

თაია არდოტელი