ქართული კოოპერატივი - „თაფლი საჩინო“ 2 ჰექტარ ფართობზე კენკროვანი კულტურებისთვის თანამედროვე სათბურის მშენებლობას იწყებს. როგორც კოოპერატივის ხელმძღვანელმა მინდია ქავთარაძემ East fruit-თან საუბრისას განაცხადა, პროექტი USAID -ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. მისივე თქმით, გრანტის ოდენობა 75 000 დოლარია, 30 000 დოლარს კი, კოოპერატივი თავად დააფინანსებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი - „თაფლი საჩინო“ 2015 წელს, ვანის რაონში დაფუძნდა და ამ ეტაპზე, 5 კოოპერატივს აერთიანებს.
კომპანიამ ფინანსური და ტექნიკური დახმარება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსგან - „ერთიანი აგროპროექტისა“ და ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში მიიღო.
ამ დროისთვის კენკრის პლანტაციები გაშენებულია 52 ჰექტარზე, საიდანაც 49 ჰექტარი ჟოლოს კულტურას, ხოლო 3 ჰექტარი მაყვალს უკავია. ამასთან, კოოპერატივს საკუთარი სანერგე ჟოლო და მაყვალი აქვს.
გარდა კენკრისა, კოოპერატივი მეფუტკრეობით და თაფლის წარმოებით არის დაკავებული. დღეის მდგომარეობით, კომპანიას დაახლოებით, 7 000 ფუტკრის ოჯახი ჰყავს.
როგორც მინდია ქავთარაძე აცხადებს, სათბურში კენკრის მოყვანა კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ პროდუქი არასეზონურადაც აწარმოოს.
მისი თქმით, კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ჯერჯერობით მათი პროდუქციით მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი მარაგდება. ამ სეზონზე კი, კოოპერატივი წარმოების შედეგების გაუმჯობესებას აპირებს.
„USAID -ის გრანტის შედეგად, რომელიც 75 000 დოლარს შეადგენს, ჩვენ შევიძენთ ტრაქტორს, რაც წარმოების პროცესში ძალიან დაგვეხმარება. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ტონიანი სამაცივრე მეურნეობა შევიძინოთ. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ პროდუქტი გარკვეული პერიოდით შევინახოთ და მისი რეალიზაცია ეტაპობრივად მოვახდინოთ.
სამომავლოდ გვინდა, რომ ორი მიმართულებით ვიმუშაოთ. კერძოდ, ბაზარს პროდუქტს როგორც ცოცხლად, ისე ვაკუუმ შეფუთვით მივაწვდით“,- განაცხადა მინდია ქავთარაძემ.
მისივე თქმით, 2020 წლისთვის კოოპერატივი ყოველწლიურად 500 ტონა კენკრას მიიღებს. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები კი, საწარმოს შესაძლებლობას მისცემს, რომ პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს.
როგორც მინდია ქავთარაძე აღნიშნავს, კოოპერატივმა უცხოელი მყიდველებისგან გარკვეული შეთავაზებები უკვე მიიღო.
რაც შეეხება ტრანსპორტირებას, კოოპერატივის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროდუქციას სხვა ქვეყნებში თვითმფრინავით, კერძოდ, ქუთაისის აეროპორტის ახალი სატვირთო ტერმინალების საშუალებით გაიტანენ, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.