ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი გახარიასმიერ გაგზავნილი მუქარის წერილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ამავე ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა.
ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიასმეზობელია. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ წერილი ავტოფარეხში გადასცა.
მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.
საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, ხოლო მისი ასლი პროკურატურას გადასცა.
როგორც ცნობილია, გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.
„1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.