ქვეყნები, სადაც ტურისტებს გადასახადი დაუწესეს

თუ მოგზაურობა თქვენი საყვარელი ჰობია, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, აუცილებლად გადაიხდიდით ტურისტულ გადასახადს, რომელსაც სავარაუდოდ, აქამდე ვერ შეამჩნევდით. ტურისტული გადასახადი ხშირად გაერთიანებულია თვითმფრინავის ბილეთის ან სასტუმროს გადასახადთან. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში ტურისტულ გადასახადს ქვეყნის დატოვებისას იხდით.

ტურისტული გადასახადი განსხვავდება ვიზისა თუ ნებისმიერი სხვა გადასახადისგან, რომელიც აუცილებელია მოგზაურობისას.

Travel Weekly-ის მიხედვით, ტანზანიაში 2016 წელს 18%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადის აკრეფა სხვადასხვა გზით დაიწყეს. ტურისტები, რომლების ტანზანიას ესტუმრებოდნენ და მიწისზედა ტრანსპორტით თუ წყლის სხვადასხვა გასართობი ტრანსპორტით ისარგებლებდნენ, მათ გადასახადი ემატებოდათ.

სავარაუდოდ, მოგზაურობისას მომავალში თქვენ უფრო მეტ ქვეყანაში შეხვდებით ტურისტულ გადასახადს. როგორც ამბობენ ეს გადასახადი „ტურისტების გადატვირთულობასთან“ - over-tourism-თან ბრძოლაა, რომელიც უკვე ევროპულ ქალაქებს აწუხებს. ტურისტების მოსაკრებლით შემოსული თანხა, როგორც ამბობენ, ინფრასტრუქტურის განახლებას უნდა მოხმარდეს.

გთავაზობთ ქვეყნებს, სადაც ტურისტად სტუმრობისას გადასახადის გადახდა მოგიწევთ:

ბჰუტანი

„ინსაიდერის“ მიხედვით, ბჰუტანში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტურისტებისთვის დღიური ტურისტული მოსაკრებელი 200-250 დოლარია. ასევე უნდა იცოდეთ, რომ გადასახადი დამოკიდებულია იმაზე, წლის განმავლობაში რამდენჯერ სტუმრობთ ქვეყანას. ეს გადასახადი ფარავს თქვენს მოსაკრებელს საკვებზე, ტრანსპორტსა და საცხოვრებელზე, ასევე ტურისტულ ადგილებში შესასვლელ მოსაკრებელს.

იაპონია

2019 წლის დასაწყისიდან იაპონიაში ტურისტული გადასახადი დააწესეს. 1000 იენის (9,25$) გადახდა, ტურისტებს ქვეყნის დატოვებისას მოუწევთ. როგორც ამბობენ, ტურისტული გადასახადებით შემოსული თანხა 2020 წლისთვის, ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. იაპონიის ეროვნული ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ტურისტული გადასახადი სტუმრებისთვის უფრო კარგი გარემოს შექმნას და მათ უსაფრთხოებასაც მოხმარდება.

საფრანგეთი

საფრანგეთში ტურისტული გადასახადი დამოკიდებულია იმაზე, თუ ქვეყნის რომელ ქალაქში წახვალთ სამოგზაუროდ.

გერმანია

„ინსაიდერის“ მიხედვით, გერმანიაში არის „კულტურული მოსაკრებელი“, რომელსაც kulturförderabgabe-ს ეძახიან და მოსაკრებელი, რომელიც 1 ღამით სასტუმროში დარჩენისას გემატებათ. ამ და სხვა გადასახადის გადახდა მოგიწევთ მაშინ, თუ გადაწყვიტეთ, რომ ფრანკპურტს, ჰამბურგს ან ბერლინს ესტუმროთ. ასევე საყურადღებოა, რომ „დამატებითი ღირებულების გადასახადი“ (VAT) ერთ პერსონაზე 5 ევროა, ან სასტუმროს თანხის 5%.

იტალია

ევროპის სხვა ცნობილი ქვეყნების მსგავსად, ტურისტული გადასახადი იტალიაშიც არის. გადასახადი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქალაქს ესტუმრებით. მაგალითად რომში, ერთი ღამის გადასახადი 3-დან 7 ევრომდე აღწევს და ეს, რა თქმა უნდა, სასტუმროზეა დამოკიდებული.

2018 წლის დასასრულს, ვენეციაში შესვლისას გადასახადი 10 ევროს აღწევდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა: „ვენეცია დაიპყრეს ტურისტებმა, ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევამციროთ ტურისტული ექსკურსიები“.

ესპანეთი

ესპანეთში ტურისტული გადასახადი მაშინ, როცა წლის განმავლობაში ესპანეთს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს, დღეში ერთ პერსონაზე 4 ევრომდე აღწევს, ბარსელონაში კი 2,50 ევროა.

„ინსაიდერის“ მიხედვით, ტურისტული მოსაკრებელის გადახდა მოგიწევთ საბერძნეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ავსტრიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, პორტუგალიასა და ჰოლანდიაში.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ