იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ იმ პროექტის რეალიზაცია შეაჩერა, რომელიც ტურინსა და ლიონს (TAV) შორის სარკინიზგო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას Telt-ს წერილობით უკვე აცნობა.
„განვმარტავ, რომ ჩვენ ვაპირებთ სრულად გადავხედოთ ამ პროექტს და შევისწავლოთ მისი მიზანშეწონილობა. რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ის ევროპული ფონდები, რომლებიც ამ პროექტისთვის გამოიყო“, - განაცხადა მან.
პროექტის პირველი ტენდერი დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ის გადავადდა ნახევარი წლით. პროექტ TAV-ის რეალიზაციის ირგვლივ უთანხმოება იტალიის ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისით ემუქრებოდა, ვინაიდან უმრავლესობასა და უმცირესობას ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
იტალიის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, იტალია აღნიშნულ პროექტზე კარგავს დაახლოებით 1 მილიარდ ევროს. ამასთან, იტალია ევროკავშირისა და საფრანგეთის მხრიდან წნეხის ქვეშ აღმოჩნდება, რამდენადაც ისინი ამ პროექტის რეალიზაციით არიან დაინტერესებულნი. ბრიუსელი მიანიშნებს, რომ უარის შემთხვევაში რომი დაკარგავს 800 მილიონის ფონდებს.
TAV შედის პანევროპული სატრანსპორტო კორიდორის პროექტში და მას 40%-ით ევროკავშირი აფინანსებს, 25%-ით - საფრანგეთი და 35%-ით - იტალია. ევროკავშირი მზადაა, მისი წილი 50%-მდე გაზარდოს.