მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, ამ ცვლილების ამოცანას ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივასთან დაახლოება წარმოადგენს. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობის კატეგორიებს დამატებულია AM (მოპედი) და A2 (მოტოციკლი) კატეგორიები.

აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიმდინარე წლის 1-3-ე კვარტალშია დაგეგმილი.

ამავე გეგმის თანახმად, მთავრობა გეგმავს იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება. კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის დადგენის და მათი აღმოფხვრის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში საუბარია, მართვის მოწმობის რეალურ მოძრაობაში გადატანის საკითხზეც. გეგმის თანახმად, გამოცდის რეალურ მოძრაობაში გატანის საკითხი მიმდინარე წლის 1-3-ე კვარტალში უნდა გადაწყდეს. საპროგნოზო ბიუჯეტი კი 1 600 000 ლარია.

თაია არდოტელი