საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი 11 მარტს, კორეის დედაქალაქ სეულში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას.
„კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით.
შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ხელმოწერის შემდეგ.
შეთანხმებით ჩამოყალიბდება ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომელიც განიხილავს არსებულ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს სხვადასხვა სექტორებში.