შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი: 1978 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მურათ ა. და 1982 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გენადი ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა მურათ ა. 60,144 გრ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დააკავეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 18,0432 გრ ჰეროინს შეიცავს. მურათ ა-სგან ამოღებულია ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 20 000 აშშ დოლარი. გენადი ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 4,17 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 1,251 გრ ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.