„ანაკლიის პროექტს მთავრობისგან დაცვა არ სჭირდება, მას სჭირდება შესრულება"

ანაკლიის პროექტს ყველა პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა ჰქონდა არა მხოლოდ საჯარო განცხადებებით, არამედ პროექტის მნიშვნელობის ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, საერთაშორისო პლატფორმებზე მუდმივი ხაზგასმით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„როდესაც ამ პროექტზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ამ პროექტის ინიციატორი იყო მთავრობა. რა თქმა უნდა, ამ პროექტს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა და ეს მარტივი გადასამოწმებელია“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ვიცე-პრემიერის თქმით, 2014 წლიდან მთავრობა ჩართულია ანაკლიის პროექტის განვითარებაში და საფინანსო ინსტიტუტებთან მუდმივად ახდენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის დემონსტრირებას. მისივე განცხადებით, სწორედ მთავრობის ძალისხმევით მოხვდა ანაკლიის პორტი ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მიერ გამოქვეყნებული პროექტების ჩამონათვალში.

„ანაკლიის პორტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება სახელმწიფოსგან. მას დაცვა მთავრობისგან არ სჭირდება. ამ პროექტს სჭირდება შესრულება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ.

მაია ცქიტიშვილის კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.