„რეზონანსი" - მითიური „შავი ოქროს" საბადოები და აფხაზეთის „მეორე ქუვეითად" გადაქცევაზე  ოცნება

სოხუმში, უკვე მესამე თვეა, არ წყდება დიდი განხილვა-დებატები თემაზე, რომ აფხაზეთი მდიდარია ნავთობით, რაც მათ „რესპუბლიკას" მილიარდობით რუბლს მოუტანს და „მეორე ქუვეითად" გადააქცევს.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ მითიური „შავი ოქროს" საბადოების გამო კი „ბრძოლა წესების გარეშეც" დაიწყო.

ერთი ნაწილი ამბობს, რომ ნავთობის მოპოვებით „რესპუბლიკა" უზომოდ გამდიდრდება და მეტ დამოუკიდებლობასაც მოიპოვებს, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ნავთობის ჭაბურღილები ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და აფხაზეთს, როგორც უნიკალურ საკურორტო ზონას, დაასამარებს.

შედეგად კი, ვერც „რესპუბლიკა" და ვერც რიგითი ადამიანები ვერაფერს მიიღებენ. მხოლოდ რამდენიმე კლანი და კორუმპირებული ჩინოვნიკები მილიონებს იშოვიან, „უბრალო ხალხი" კი, ვინც თავს ტურიზმით ირჩენს, ულუკმაპუროდ დარჩება და უფრო გაღატაკდება. უკვე პროგნოზირებენ იმასაც, რომ ნავთობის თემა აფხაზურ კლანებს შორის დაუნდობელ დაპირისპირებასაც აუცილებლად გამოიწვევს.

მთელი ეს აურზაური ატეხილია იმ ფონზე, როცა ჯერ ნავთობის მოპოვების საძიებო სამუშაოები არ დაწყებულა და არავინ იცის, არის თუ არა საერთოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობის საბადო.

ორ თვეზე მეტია, აფხაზური საზოგადოება შეპყრობილია ნავთობის მოპოვების თემით, რაც აფხაზურ და რუსულ მედიაში აქტიურად განიხილება. ბოლო თვეებია, აფხაზეთში ისმის კითხვა: რა უფრო მიშვნელოვანია – ეკოლოგია თუ მითიური ნავთობდოლარები.

აფხაზეთში ნავთობის მოპოვების იდეა საბჭოთა კავშირის დროს, 1980-იან წლებში გაჩნდა და ტყვარჩელში 22 ჭაბურღილიც გაითხარა. მაშინ, საორიენტაციო მონაცემების მიხედვით, პირველ ჯერზე დღეში დაახლოებით 15-20 ტონა ნავთობი უნდა ამოექაჩათ.

სპეციალისტები აღიარებდნენ, რომ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ აფხაზები მიიჩნევდნენ, რომ საკმარისი იყო. შემდეგ ომი დაიწყო და „შავი ოქროს" მოპოვებაზე აჟიოტაჟი ჩაცხრა, თუმცა აფხაზებში იმედი მთლიანად არ გამქრალა და წლების შემდეგ ეს თემა კვლავ გააქტიურდა.

საგულისხმოა ისიც, რომ თავად აფხაზებს არ აქვთ დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ აფხაზეთში ნავთობის მარაგი არსებობს, მსგავსი დოკუმენტი არავის გაუსაჯაროებია, მაგრამ მაინც სჯერათ, რომ „რესპუბლიკაში" ნავთობის დიდი საბადოა.

ასე რომ, 2010 წელს რუსულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტმა" და სოხუმის რეჟიმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, შეიქმნა ერთობლივი კომპანია „რნ-აბხაზია", რომელშიც 51% ეკუთვნოდა „როსნეფტს", 49% - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას.

2013 წელს ამ საერთო კომპანიას შავი ზღვის გუდაუთის შელფზე 45 წლის ვადით ნავთობის დაზვერვისა და მოპოვების უფლება მიეცა. სამუშაოები დაიწყო, მაგრამ 2 წლის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ანერვიულდა და ხელშეკრულება გააჩერა. მოითხოვეს, შექმნილიყო კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა ეკონომიკური მოგება და ეკოლოგიური რისკი.

„როსნეფტმა" შესწავლისთვის ფულის გადახდა არ ისურვა, ფულის გადახდაზე უარი თქვეს აფხაზებმაც. აფხაზეთის „მეორე ქუვეითად" გადაქცევის გეგმა გაჩერდა, თუმცა მოულოდნელად 2019 წლის იანვარში დე ფაქტო მთავრობამ გეოლოგიური კვლევისა და ნავთობის მოპოვების ლიცენზიის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ არა ზღვის შელფზე, არამედ მიწაზე.

ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი ინტრიგა, „როსნეფტს" კონკურენტი გამოუჩნდა, აფაზეთში ნავთობის მოძიებასა და მოპოვებაზე ლიცენზია მიიღო ადგილობრივმა კომპანია „აფსნიოილმაც". რა თქმა უნდა, საუბარია ამ „ახალი ქუვეითის" სხვადასხვა ნაწილზე, მაგრამ ამ ფაქტმა „როსნეფტის" უკმაყოფილება გამოიწვია.

ამავდროულად, კითხვები გაჩნდა საგადასახადო სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ნავთობწარმოებასთან. ცნობილია, რომ თუ ნავთობი აღმოჩნდება, მასზე საკუთრების უფლება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელს ექნება.

აფხაზურ და რუსულ მედიაში უკვე მოლოდინია იმისა, რომ კანონების არარსებობის გამო ახალი და ძალიან სასტიკი გარჩევა დაიწყება ნავთობის „კლანებს" შორის, ერთგვარი „ადგილობრივი კლანური ტრადიციისამებრ" კი ეს გარჩევა კორუფციულ-პოლიტიკური ხასიათისა იქნება, უფრო კონკრეტულად – კრიმინალური.

აფხაზური მედია წერს, რომ კონფლიქტი გარდაუვალია, რადგან აფხაზეთის ყოფილი ე. წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც სწორედ ამჟამინდელმა ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ დაამხო, პირდაპირ უკავშირდება „როსნეფტს" და „აფსნიოილს", მოქმედი „ხელისუფლება" კი მას ამ ბიზნესს არ დაუთმობს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობზე ეს ვაკხანალია დე ფაქტო არჩევნებამდე ცოტა ხნის წინ დაიწყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ნავთობის მოპოვების პროექტს დიდი მოწინააღმდეგეები ჰყავს აფხაზურ საზოგადოებაში ეკოლოგიის თვალსაზრისით. საზოგადოებრივი აზრი თითქმის ერთსულოვანია, რომ ნავთობის მოპოვება ეკოლოგიურად დიდ ზიანს მოიტანს და „უბრალო ხალხს" ართმევს თითქმის ერთადერთ შემოსავალს ტურიზმისგან.

მედია წერს, რომ აფხაზეთში ტურიზმი ისედაც იხრჩობა უკიდურესად მძიმე კრიმინალური სიტუაციის გამო და ნავთობის მოპოვება საერთოდ დაასამარებს მას. სოხუმში აფხაზები აღშფოთებულები არიან, მიტინგებით იმუქრებიან და ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმის დაწესებასა და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. საინიციატივო ჯგუფიც შეიქმნა, თუმცა ჯერ ფართო აქტიურობა არ დაწყებულა.

რუსული მედიის ცნობით, ხალხი ამ პროექტს სკეპტიკურად უყურებს არა მარტო ეკოლოგიური ზიანის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ნავთობის მოპოვებით მხოლოდ კლანები და კორუფციაში გარეული ჩინოვნიკები გამდიდრდებიან, ხალხი კი ისევ მშიერი დარჩება.

ნავთობის მოპოვების მომხრეები ირწმუნებიან, რომ აფხაზეთი მხოლოდ ნავთობის მოპოვებაზე გადასახადის სახით მიიღებს დაახლოებით 7 მილიარდ რუბლს ყოველწლიურად, ამასთან, გაიხსნება ახალი სამუშაო ადგილები და „რესპუბლიკაც" უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი გახდება. თუმცა ხალხი ისევ ეკოლოგიასა და სუფთა აფხაზეთზე აპელირებს.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი „რეზონანსი"