ექსპერტების შეფასებით, დაახლოებით ორ-სამ წელში ჩვენ დავამარცხებთ აზიურ ფაროსანას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, 2019 წელს კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელთა შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამასთან, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად საჭიროა მოსახლეობის ჩართულობაც.
„2018 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2017 წელთან შედარებით. სახელმწიფოს ბრძოლის ღონისძიებები იძლევა შანსს, რომ გადავარჩინოთ სასოფლო- სამეურნეო კულტურები, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ კუთვნილ ნაკვეთებს გლეხებმა თავად მიხედონ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრი დღეს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, რომელიც სეს-ის ორგანიზებით ტარდება და მის ფარგლებში მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილებას განიხილავენ.
დავითაშვილის თქმით, საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის უნიკალური გამოცდილება დაგროვდა, რომლის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება მნიშვნელოვანია.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამაზე წლებია ვმუშაობთ. ქვეყანაში დაგროვდა ფაქტობრივად, უნიკალური გამოცდილება, რომელიც აინტერესებს მთელ მსოფლიოს. ამასთან, ჩვენთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოცდილება მივიღოთ წამყვანი მეცნიერებისგან. ამისთვის საჭიროა მეცნიერთა ურთიერთკავშირი და შეხვედრები. საბოლოოდ იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი იქნება, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად აზიური ფაროსანას პრობლემის დაძლევა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.