„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „საქსტატის“ მონაცემებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ 2017 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, სავალალოა და მიუთითებს, რომ საქართველოში ფულის ჩადების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს.
„საქსტატმა“ გამოაქვეყნა 2018 წლის უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები და მდგომარეობა არის სავალალო. 2017 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, დაახლოებით 35%-ით არის დაკლებული უცხოური ინვესტიციები, რაც პირდაპირი შედეგია ერთი მხრივ იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა არასწორი მიმართულებით ხორციელდება და მეორე მხრივ, უცხოურ ინვესტორებს არ აქვთ განცდა, რომ მათი ინვესტიცია და ბიზნესი საქართველოში დაცული იქნება. ქვეყანაში არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია საიმისოდ, რომ საქართველოში ფულის ჩადების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ეკონომიკა დიდწილად უცხოურ ინვესტიციებსა და დოლარის შემოდინებაზეა დამოკიდებული და თუ არ იქნა უცხოური ინვესტიციების მუდმივი ზრდა, ისე არ გაიზრდება არც ქართული ეკონომიკა და არც - ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.