საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, შპს “ABV ავიაციაზე“ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმოს სერთიფიკატი გაიცა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოთში მდებარეობს და სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჰაერო ხომალდების გამართვას JET A-1 ტიპის საწვავით განახორციელებს. სერტიფიცირების პროცესი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ საწარმოს ბაზის ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებით დასრულდა.
საწარმოს ფუნქციონირებით, ტურისტულ ზონაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მოქნილი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების პირველი პრეცენდენტი იქმნება. „ABV ავიაციის“ ავიასაწვავ-გასამართი საწარმო მომსახურებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოწყობილი მობილური საწვავგასამართი მოდულების მეშვეობით განახორციელებს, სადაც დაცული იქნება როგორც საწვავის ხარისხის, ისე საავიაციო და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სამომავლოდ, კომპანია აპირებს აითვისოს ყველა საკურორტო ზონა, სადაც ოპერირებენ ვერტმფრენები და სხვა მცირე ზომის საჰაერო ხომალდები.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით ადგილზე მომსახურებაზე მოთხოვნა, ყაზბეგის ტურისტულ ზონაში საჰაერო მიმოსვლის ზრდითაა განპირობებული.
„ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე ქართული და უცხოური ავიაკომპანია აქტიურად ოპერირებს ყაზბეგი-გუდაურის ზონაში "ჰელი-სქი" თუ ტურისტული ტურების მომსახურების გაწევის მიზნით. შესაბამისად, გაჩნდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავიასაწვავ-გასამართი საწარმოს ადგილზე ფუნქციონირების აუცილებლობა. ინდუსტრია შიდა ფრენების მიმართულებით აქტიურად ვითარდება, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების, ასევე ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტის და მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლებამ“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.