აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელ პარტნიორებს არ უმხელს ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო მოლაპარაკებები, რათა წარმატების შემთხვევაში ეს მიღწევა მხოლოდ საკუთარ სახელს დაუკავშიროს და არ გაიზიაროს ის პარტნიორებთან. ამის შესახებ The Wall Street Journal ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს თქმით, თეთრ სახლში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, შეეცვალა ცალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები და ერთიანი ფრონტით შეეტიათ ევროკავშირთან ერთად, რათა დაერეგულირებინათ ჩინეთთან სავაჭრო საკითხები. ტრამპმა მას უარით უპასუხა, თუმცა პირობა მისცა, რომ პარიზს საქმის კურსში ჩააყენებდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ მან სიტყვა გატეხა და მაკრონს და სხვა ევროპელ პარტნიორებს მოლაპარაკებების დეტალები დაუმალა“, - აცხადებს წყარო.
გამოცემის წყაროს განცხადებით, ამით კმაყოფილია მხოლოდ ტრამპი, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი - არა. ამასთან, როგორც გამოცემა დასძენს, ევროპის წამყვანი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებებს, რათა არ დაირღვეს მსო-ს პრინციპები, რომლის წესების მიხედვით ერთ ქვეყანას არ შეუძლია მეორეს დაუწესოს სავაჭრო შეღავათები, ისე რომ იგივე არ შესთავაზოს სხვა ქვეყნებსაც.