„წესად იქცა, რომ ბიზნესწრეების წარმომადგენლები სულ ბოლოს აქტიურდებიან პრობლემებზე სალაპარაკოდ“

„წესად იქცა, რომ ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები სულ ბოლოს აქტიურდებიან პრობლემებზე სალაპარაკოდ“ - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ "თიბისის" საქმეში სკანდალური წერილის გამოჩენის შემდეგ, რომლის ავტორადაც მამუკა ხაზარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა, ბიზნესზე ზეწოლაში ხელისუფლება სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" დამფუძნებელმაც დაადანაშაულა.

მოგვიანებით მწვავე განცხადება გააკეთა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმაც. მისი თქმით, დღეს ბიზნესს სახელმწიფო ავიწროებს, ხოლო კონკრეტულ მაგალითებზე იმ შემთხვევაში ილაპარაკებს, თუ უსაფრთხოების გარანტია ექნება. „ჩვენს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში წესად იქცა, რომ ბიზნესწრეების წარმომადგენლები სულ ბოლოს აქტიურდებიან პრობლემებზე სალაპარაკოდ...

გავიხსენოთ 2011 წლის მარტში რა მდგომარეობა იყო, რამდენი ბიზნესმენი გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებას ხელისუფლებაზე. რომ ჩამოვთვალოთ, შესაძლოა, ცალი ხელის თითებიც გვეყოს. შეიცვალა ხელისუფლება და აღმოჩნდა, რომ ასეულობით ბიზნესმენს ჰქონია ბოღმა დაგროვილი მაშინდელ ხელისუფლებაზე. სწორედ ამის შემდეგ ატყდა ლაპარაკი, ვის რა ქონება წაართვეს... დარწმუნებული ვარ, დღესაც ბევრს აქვს სათქმელი, მაგრამ დუმილს ამჯობინებენ. თუმცა პრობლემები არ არის იმ ტიპის, რა ტიპისაც "ნაცმოძრაობის" დროს იყო. მაშინ სახელმწიფო ბიზნესწრეებს წილში უჯდებოდა, მათ შორის საჯარო პროექტების დასაფინანსებლად. შორს რომ არ წავიდეთ, პარლამენტის შენობა ქუთაისში რა ფულით აშენდა, კაცმა არ იცის. დღეს ამ ტიპის პრობლემა ნაკლებია, მაგრამ არანაკლებია პოლიტიკური ზეწოლა იმისთვის, რომ მაგალითად, არჩევნებზე ბიზნესწრეებმა უზრუნველყონ ხმების მობილიზება სახელისუფლებო კანდიდატებისთვის. ამის შემხედვარე ბიზნესწრეები ვერ იქნებიან წინა ხაზზე საპროტესტო გამოსვლებით, მაგრამ ხაზარაძის საქმე მეტყველებს, რომ ამ წრეებშიც გაჩნდა უკმაყოფილება,“-აღნიშნა უსუფაშვილმა.