კოტე აფხაზის ქუჩაზე საათობრივი პარკირების ტარიფზე საკრებულო გადაწყვეტილებას ერთი თვის განმავლობაში მიიღებს

კოტე აფხაზის ქუჩაზე საათობრივი პარკირების ტარიფთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე, ერთი თვის განმავლობაში იქნება მიღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პარკირების საათობრივ ტარიფთან დაკავშირებით მერიის ინიციატივა მიზნად ისახავს ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში პარკირების პრობლემის გადაწყვეტას. მისივე განმარტებით, პარკირების სისტემა სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებთან დაკავშირებით საპილოტე პროგრამა მუშავდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საკმაოდ საინტერესო დამოკიდებულება მოვისმინეთ. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამგვარი საპილოტე პროგრამა არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ, ჩვენ წარმატებით მივიღებთ გადაწყვეტილებას პირველი ივლისიდან მის ძალაში შესვლაზე“, - განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ტარიფს, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ჩვენ კიდევ გვექნება განხილვები, რათა დამატებით დავადგენთ მინიმალურ და მაქსიმალურ ტარიფი. არის საუბარი, რომ ეს მინიმალური იყო 50 თეთრი, არის აზრი არასამთავრობო სექტორისგან, რომ ეს მინიმალური ერთი ლარი იყოს. რაც შეეხება მაქსიმალურ საათობრივ ტარიფს, ამაზე მსჯელობა იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი თვის განმავლობაში მივიღებთ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.