„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ვერ ვხედავ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პოლიტიკური კონტექსტი მოვაშოროთ ამ კონკრეტულ საქმეს“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები და ანაკლის პორტის პროექტი ერთმანეთთან კავშირში არ არის. კალაძის თქმით, ხელისუფლება პროექტის მშენებლობას ხელს მაქსიმალურად უწყობს.
„იმ კონკრეტულ საგამოძიებო წამოწყებასთან, რომელიც შესაბამისმა სამსახურმა წამოიწყო მამუკა ხაზარაძის მიმართ, ანაკლიას საერთოდ არ აქვს კავშირი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ხდება იმისთვის, რომ განხორციელდეს ანაკლიის პორტის პროექტი“, - განაცხადა კალაძემ