პროკურატურას რატომ არ სურს გამოძიება არ ვიცი, თუმცა მთავარი გამოწვევა არის ინსტიტუციების დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მიერ მუქარის წერილის გაგზავნაში შს მინისტრის დადანაშაულების საქმის გამოძიებას გამოეხმაურა.
სულხან სალაძის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე საგამოძიებო უწყებები არის პოლიტიკურად მოწყვლადი.
„საკმაოდ მოულოდნელი იყო პროკურატურის განცხადება, რომ ამ წერილის ამბავზე გამოსაძიებელს ვერაფერს ხედავს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ტიპის წერილებს ხელს აწერენ ან თარიღს მიაწერენ იდენტიფიკაციისთვის, ცხადია, ასე არ ხდება.
სწორედ გამოძიების ვალდებულებაა სხვადასხვა მტკიცებულებების შეჯერების და გამოძიებით იყოს შედეგი დადებული და დოკუმენტი ჩაითვლება თუ არა მტკიცებულებად, ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს. რაზეც ამ წერილშია საუბარი, ის უკვე ვნახეთ ჩვენ. ამ წერილის შემდეგ ახალ ელემენტს ვიღებთ - „ტვ პირველის“ საქმეს.
დიდი ხანია უკვე „თიბისი ბანკის“ საქმე გასცდა კონკრეტულ ტრანზაქციას“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.
საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, ხოლო მისი ასლი პროკურატურას გადასცა.
როგორც ცნობილია, გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.
„1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.