ბიზნესის წარმომადგენლებს "არბიტრაჟის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები გააცნეს

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა ბიზნესის წარმომადგენლებს "არბიტრაჟის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო.

წულუკიანის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების შემაფერხებელი საკანონმდებლო გარემოს არსებობა, რომელიც არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობისა და პოპულარობის გაზრდის მიმართულებით უნდა შეიცვალოს.

"იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენს სამინისტროში შეიქმნა კერძო სამართლის უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც არა მხოლოდ სამინისტროები მოვიწვიეთ სამუშაოდ, არამედ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ამ ჯგუფის მუშაობის შედეგად ჩვენ სახეზე გვაქვს მთელი რიგი ცვლილებები უკვე კანონპროექტის სახით, რომელიც საქართველოში წინ წამოსწევს არბიტრაჟის ინსტიტუტს რამდენიმე მიზნით - პირველი, იმისთვის, რომ ბიზნესს და ბიზნესმენებს ჰქონდეთ მარტივად და ნაკლებ ფასად დავების გადაწყვეტის საშუალება, არ იყვნენ იძულებულნი, რომ ყოველ დავაზე სასამართლოში იარონ და თავად გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა მათი პოტენციური დავები განიხილოს მოსამართლემ თუ არბიტრაჟმა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საარბიტრაჟო ჰონორარი, ხარჯები, მხარეებს შორის შეთანხმებით და არბიტრაჟთან მოლაპრაკებით ხდება, მაგრამ როცა არბიტრაჟის გადაწყვეტილება უნდა იქნას ცნობილი სასამართლოს მიერ აღსასრულებლად ვარგისად, სასამართლოში ჩვენ დავადგენთ ძალიან პატარა თანხას, რათა არბიტრაჟის გზით მოსიარულე ბიზნესმენს არ მოუწიოს, ჯერ არბიტრაჟს გადაუხადოს დიდი თანხა და შემდეგ არანაკლები თანხა გადაუხადოს სასამართლოს. სასამართლოში ბაჟი იქნება სიმბოლური", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის პაკეტი ემსახურება იმას, რომ საქართველოში, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, არბიტრაჟი გახდეს მოქნილი ინსტრუმენტი და მისი წესები გაერო-ს არბიტრაჟის წესებს დაუახლოვდეს.

"არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, "UNCITRAL"-ის მოდელურ კანონთან შესაბამისობის მიზნით, ზუსტდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის, ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები. წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება "არბიტრაჟის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის ხარვეზის გამოსწორება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია, უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს საქმის წარმოება მხოლოდ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით დგინდება, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნით სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას. წარმოდგენილი ცვლილებებით, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, მათ აღარ მოეთხოვებათ შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება ან ადვოკატთა ხელმოწერა; არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხის გადაწყვეტას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნაცვლად, განახორციელებს სააპელაციო სასამართლო.