„კორეაში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრები მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, კორეაში ვიზიტის ფარგლებში, კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრ ჰონგ ჯონგ-ჰაკის და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰისს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ორივე შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს მეწარმეებისთვის კორეულ ბაზარზე შესვლის პროცესში მხარდაჭერა წარმოადგენდა.

„ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კიდევ მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ განვითარდნენ და თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

კორეის იმპორტიორთა ასოციაციაში შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა აღნიშნული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გამოფენაზე IGF (Import Goods Fair), რომელშიც მონაწილეობენ კორეელი „ბაიერები“ და ფორმდება კონტრაქტები სხვადასხვა ქვეყნების მწარმოებლებთან კორეულ ბაზარზე პროდუქციის მიწოდების კუთხით. კორეულმა მხარემ ქართველი მწარმოებლები წლევანდელ გამოფენაზე მოიწვია, რომელიც კორეაში ივნისში გაიმართება.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლები სხვადასხვა სექტორებიდან შეძლებენ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროების ჩართულობით, კორეის იმპორტიორთა ასოციაცია მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა, რომლის დროსაც ისინი საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს შეისწავლიან.