ჩვენ არ გვაქვს საქმე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასთან და დინამიკასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს სჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
„ნახევარ მილიარდ დოლარზეა საუბარი 2017 და 2018 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის. აქედან ყველაზე მსხვილი კომპონენტი გახლავთ გაზის მილსადენი, რომელიც არის ისტორიული პროექტი და ის წარმატებით დასრულდა. მეორე კომპონენტი ის გახლავთ, რომ ჩვენ ინვესტიცია კი არ შეგვიმცირდა, ადგილობრივმა რეზიდენტმა იყიდა მნიშვნელოვანი წილი უცხოელი რეზიდენტისგან. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ტრანზაქციაზე, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე არ აისახება, როგორც ინვესტიციის შემოსვლა. და მესამე, თავის დროზე რაც იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მასზე მოხდა ვალდებულებების შესრულება და გატანა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საქმე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასთან და დინამიკასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამავდროულად საქართველოში შეიქმნა რესურსი, რომ იზრდება ინვესტიციები“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მიმართულებით დეფიციტია.
„საერთო ინვესტიციები შარშან პირველი 3 კვარტლის განმავლობაში გაიზარდა იმიტომ, რომ ქვეყანაში გაჩნდა ამის რესურსი, მათ შორის ამის გაჩენა უზრუნველყო იმ რეფორმებმა, რომელიც განვახორციელეთ. ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს, რომლის დეფიციტიც საქართველოში ისტორიულად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მაქსიმალური აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე, იმ სექტორებზე, რომელიც მაღალტექნოლოგიურია, რომ მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამ მიმართულებით ჩვენ გვჭირდება ახალ იდეებზე მუშაობა და ერთ-ერთი გახლავთ საერთაშორისო კომპანიების საქმიანობაზე მეტი სტიმულის მიცემა საქართველიოში, რაც ახლა პარლამენტში იხილება. რა თქმა უნდა, არსებობს სექტორები, სადაც მეტი ძალისხმევის მიმართვა გვმართებს და პირველ რიგში, აქ გამოვყოფდი ენერგეტიკას. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ენერგეტიკაში მეტი ტემპი გვქონდეს და ეს გვექნება“, - განაცხადა ბახტაძემ.