საქსტატმა 2018 წლის IV კვარტლისა და 2018 წლის წლიური წინასწარი მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოაქვეყნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის IV კვარტალში, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 4.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.9 მლნ აშშ დოლარით (62.4%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
“საქსტატის” მონაცემებით, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წელი მზარდია - 2016 წელს 8.4 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს 12.4 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება, 2018 წლის წლიურ მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.6 მლნ აშშ დოლარით (28.7%) აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.
2018 წლის დაზუსტებულ მონაცემებს „საქსტატი“ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.