„ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შედეგები შეაჯამა. გიორგი ქობულია ვიზიტს დადებითად აფასებს და მას მნიშვნელოვანს უწოდებს.

„კორეა აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ეკონომიკაა, ეს ვიზიტი ჩვენთვის დამატებით შესაძლებლობებს ხსნის“, - აცხადებს გიორგი ქობულია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით 11-12 მარტს იმყოფებოდა, ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა შედგა კორეის რესპუბლიკის სამთავრობო და ბიზნესწრეებთან, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

„გარდა იმისა, რომ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას კორეასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, ვიწყებთ მუშაობას ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებაზე, აგრეთვე გაიხსნა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შექმნის შესახებ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს კორეის ბიზნესსექტორთან. „ჩვენ შევხვდით უმსხვილესი კონგლომერატების ხელმძღვანელებს, როგორიცაა „ჰიუნდაი“ და „სამსუნგი“, ასევე შეხვედრები გვქონდა ყველაზე მნიშვნელოვან სააგენტოებთან, რომლებიც პრაქტიკულად კორეაში უმსხვილესი ბიზნესების ასოციაციებს წარმოადგენენ“, - აღნიშნა მან.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება შედგა კორეის საშუალო და მცირე ბიზნესის სააგენტოსთან და ახლო მომავალში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის თანახმადაც სააგენტო ქართულ მხარეს თავისი გამოცდილებით დაეხმარება, რათა მან უფრო ეფექტიანად ააწყოს საქმიანობა ქართული საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. „ჩვენ ასევე მოლაპარაკება გვქონდა კორეის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან, სადაც აღგვითქვეს დახმარება საქართველოში ბიზნესფორუმის ჩატარების კუთხით. შედგება ქართველი ბიზნესმენების ვიზიტი კორეაში, სადაც წარვადგენთ ჩვენს პროდუქციას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მინისტრის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა იმპორტის წახალისების სააგენტოსთან, სადაც ქართულ მხარეს ქართული პროდუქციის კორეაში იმპორტის მხარდაჭერას დაპირდნენ.

„ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.