ნოდარ ხადური დეპუტატებს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარუდგენს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარუდგენს.

უმცირესობასთან შეხვედრა 15:00 საათზეა დანიშნული. უმრავლესობას მინისტრი 17:00 საათზე შეხვდება. გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა ასევე გაიმართება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. საკითხზე იმსჯელებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიც.

პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, 2013 წელს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ს შეადგენდა, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში იგი 28.9 მლრდ ლარი იყო. ფაქტიური მაჩვენებლების მიხედვით, 2013 წელს წინა წელთან შედარებით მშპ 3.2%-ით გაიზარდა და 26.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

მშპ-ს ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის დარგებმა და უძრავი ქონებით ჩატარებულმა ოპერაციებმა შეიტანეს. საშუალო წლიურმა ინფლაციამ 0.5 % შეადგინა. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7422 500 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში კი საპროგნოზო მაჩვენებლის 92.1% იქნა მობილიზებული.

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გასულ კვირას კომიტეტებში განიხილეს. მისი საბოლოო განხილვა კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შედგება.