"ტავ ურბან ჯორჯიას" მომსახურების სერვისი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება"

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის "ტავ ურბან ჯორჯიას" მიერ დაწესებულ კაბალურ გადასახადებს აპროტესებს. ამის შესახებ "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

როგორც თამაზ გაიაშვილი აცხადებს, "ტავ ურბან ჯორჯია" ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს.

მისივე თქმით, "ტავ ურბან ჯორჯიას" მომსახურების სერვისი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

"მთელი ცხოვრება ავიაციაში ვმოღვაწეობ, 25 წელია "ჯორჯიან ეარვეისს" ვხელმძღვანელობ, გადასახადებს ვიხდი ქვეყნის სასარგებლოდ, ყველა წესის დაცვით. შარშან 20 მილიონის ინვესტიცია გავწიე იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს. ხალხს პირდაპირი ავიარეისებით მგზავრობის შესაძლებლობა მივეცით დედაქალაქიდან. მინდა მეტი გავაკეთო, უფრო ხელმისაწვდომი გავხადო ფრენა ყველა მგზავრისთვის, ვცდილობ ქვეყნის პოპულარიზაციასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას. აღნიშნული დამოკიდებულება აეროპორტის მხრიდან კი არ მაძლევს საშუალებას, ვაკეთო სახელმწიფოებრივი საქმე", – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.