„თუ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ანაკლიის პორტამდე გზის მიყვანა 2020 წლამდე მოხდება, ამის გაფორმება წერილობით უნდა მოხდეს“ - ასე გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებას, რომ „ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზა 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება“.
„ფაქტია, რომ პორტამდე მისასვლელი რკინიგზისა და გზის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერი სამჯერ ჩაიშალა. რა მიზეზებით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმ 8 პუნქტს შორის კი, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დეკემბერში დააყენეს, ერთ-ერთი არის რკინიგზა და გზა. კერძოდ, მათი მხრიდან საუბარია იმაზე, თუ რა ვალდებულებებს იღებს მთავრობა იმისთვის, რომ პორტამდე ამ გზას და რკინიგზას მიიყვანს. მთავრობა აცხადებს, რომ გზაც და რკინიგზაც მოეწყობა და ეს ვალდებულება ხელშეკრულებაშიც დევს. მაგრამ არ არის განსაზღვრული როდის მოხდება ან რამდენი დრო დასჭირდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში 11 მარტს განაცხადეს, რომ 2020 წლამდე დასრულდება სამუშაოები. შესაბამისად, თუ ამ ვალდებულებას იღებს სახელმწიფო გრაფიკთან მიმართებაში, ეს წერილობით უნდა განისაზღვროს.
მეორე საკითხი, რაც ბანკებს აინტერესებს, არის ის - თუ რა ხდება სამუშაოების დაგვიანების შემთხვევაში ანუ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პორტი აშენდა, ხოლო გზა და რკინიგზა დროულად არ იქნა მოყვანილი. აი, ამაზე მიდის მოლაპარაკება - რა დამატებით ფინანსურ ვალდებულებას აიღებს მთავრობა გზისა და რკინიგზის პროექტის დაგვიანების შემთხვევაში,“-განაცხადა ახვლედიანმა.