სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განაცხადების მიღება დაიწყო

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“. განაცხადების მიღება დაიწყო და 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

პროგრამის პირობებია - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.

აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში.

ასევე, 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

დაფინანსების მაქსიმალური თანხაა 7 000 ლარამდე ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 15 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,

35 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/ საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

რაც შეეხება შერჩევის ეტაპებს: შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას წინასწარ შექმნილ სპეციალურ ლინკზე (რომელიც განთავსდება აღნიშნულ ვებ-გვერდზე www.enterprisegeorgia.gov.ge) და შევსებული დოკუმენტი იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე (grant@enerprise.gov.ge); განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ქართულ და აფხაზურ ენაზე.

პროგრამის მეორე ეტაპზე, სააგენტოს მიერ ხდება ბიზნესგეგმების შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. შერჩევის მესამე ეტაპზე, შერჩეული პოტენციური ბენეფიციარების სია წარედგინება კომისიას, რათა გამოავლინოს საბოლოო გამარჯვებულები.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მომსახურების სფერო.