ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება

ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, გამოფენა 7 მაისამდე გასტანს.

„ქართული ღვინის საინტერესო გამოფენა გაიმართება ტოკიოში, რომელიც მარტის თვეში გაიხსნება და გასტანს 7 მაისამდე. ეს იქნება ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, უწყვეტი ტრადიციების შესახებ ძალიან კომპლექსური პრეზენტაცია, ახლებური, თანამედროვე ტექნოლოგიებით იმიტომ, რომ ტექნოლოგიების დედაქალაქში ვმართავთ ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაციას. იცით, რომ 2017 წელს მსგავსი პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმთან ერთად ქალაქ ბორდოში გაკეთდა - ღვინის ცივილიზაციათა მსოფლიო ცენტრში, სადაც მოხდა ქართული ღვინის სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია და მსოფლიოს გავაცანით საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო. დაახლოებით, იგივე გეგმა გვაქვს ტოკიოშიც, სადაც ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ესეც ეროვნულ მუზეუმთან ერთად შემუშავებული პლატფორმაა და როგორც ჩვენ განვაცხადეთ, საქართველო სტრატეგიულ ბაზრებზე გააკეთებდა ქართული ღვინის პრეზენტაციას, რომელიც სამეცნიერო ინფორმაციას დაეფუძნებოდა. ვფიქრობ, ეს მყარი საკომუნიკაციო ბაზაა ღვინის ცნობადობის შესაქმნელად. დიდი იმედი გვაქვს, მომავალში იაპონია იქნება ქართული ღვინის პრემიუმ ბაზარი“, - განაცხადა დავითაშვილმა.