“გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება მთავრობის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია - საქართველოს მთავრობამ წარმატებით გამოიყენა ის გეოპოლიტიკური მიცემულობა, რაც დღეს არის შექმნილი და ასევე, ნავთობრპროდუქტებთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ფასთა კონიუქტურა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავალესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. თალაკვაძის ინფორმაციით, ხელშეკრულება უკეთესი პირობებით განახლდა.
“ორ წელიწადში ერთხელ ამ ხელშეკრულების განახლება ხდება. ეს არის მიმდინარე ხელშეკრულება გაზის მოწოდების თაობაზე. მთავრობამ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაატარა. შესაბამისად, ხელშეკრულებით ისეთი პირობები მივიღეთ, რომ საქართველოს მეტი შემოსავალი ექნება როგორც ტრანზიტში, ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მიწოდების თვალსაზრისით. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის გაზის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი იქნება. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულად დაცული იქნება და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაზის ფუნქცია ვერანაირად ვერ ექნება ხელშეკრულების განახლების შემდგომაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული მოწოდება თავის სტრატეგიული პარტნიორისგან აზერბაიჯანისგან. ამავე დროს, რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდებაზე აქვს ხელშეკრულება, რომლის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანასა და ბიუჯეტს აქვს კონკრეტული შემოსავალი და მივიღეთ გაუჯობესებული პირობები. ეს არის მთავრობის მხრიდან წარმატებებული მოლაპარაკებების შედეგი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
“გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მოლაპარაკების დროს ეკონომიკის სამინისტრო სწორედ ამ ორ ძირითადი პრინციპს ეყრდნობდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავა განმარტებით კი, “გაზპრომთან“ მოლაპარაკების დასრულების შედეგად, კომერციული პირობები გაუმჯობესებულია: - სატრანზიტო საფასური გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია. თურნავას ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელმა გუნდმა კარგად გამოიყენა მსოფლიოში ნავთობის ფასების დინამიკა. მისივე თქმით, ამის გამო რუსეთის მხრიდან იყო დათმობების მზადყოფნა და საქართველომ გაუმჯობესებას მიაღწია ქვეყნისთვის საინტერესო კომერციულ საკითხებში.
როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, “გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება 2019-2020 წლების განმავლობაში იქნება ძალაში.