თბილისში გარე რეკლამების კონსტრუქციების მოწყობაზე შესაძლოა, მორატორიუმი გამოცხადდეს. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულო და მერია გარე რეკლამების სფეროს რეგულირებაზე მუშაობს. როგორც შაქარიშვილი აცხადებს, შესაძლოა, კომპანია „ალმასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც გადაიხედოს. საკრებულოს წევრის განმარტებით, ამ ეტაპზე დოკუმენტის სამართლებრივი შესწავლა მიმდინარეობს.
„ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვირაბის გამოსასვლელთან, კომპანია „ალმამ“ განათავსა ახალი სარეკლამო მონიტორი, რომლის ექსპლუატაციაც სატრანსპორტო კუთხით სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. მე თქვენს ეთერშიც არაერთხელ მითქვამს, რომ ვმუშაობთ გარე რეკლამის სფეროს რეგულირებასა და წესრიგში მოყვანაზე. მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ „ალმა“გარე რეკლამის კონსტრუქციების მონტაჟს აგრძელებს, ისე რომ ეს ყველაფერი უკვე მართლაც გაუსაძლისია ქალაქისთვის. სანამ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ამ სფეროში სამართლიანი თამაშის წესებსა და რეგულაციებზე, იქამდე მინდა მერიას შევთავაზო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოცხადდეს მორატორიუმი და ასეთ კონსტრუქციებზე ნებართვა აღარ გაიცეს, რადგან ქალაქი ამ კუთხით ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება,“- განაცხადა შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, გარე რეკლამის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Outdoor.ge Wissol Group-ის შემადგენლობაში მყოფმა სარეკლამო კომპანია „ალმამ“ ცოტა ხნის წინ შეიძინა. ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, გარე რეკლამის სარეკლამო ბაზარი 2017 წელსაც მთელი სარეკლამო ბაზრის 10%-ს იკავებს და 4.7 მლნ დოლარს შეადგენს.