რამდენიმე  მოქალაქეს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

500 კვ ქვესადგურის ,,ლაჯანური 500“-ის მშენებლობის გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.

ქვესადგურის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანას და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მის ინტეგრაციას. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. შესაბამისად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მისი წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანას დასავლეთით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის მიმდებარედ, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა ცაგერის რაიონის სოფელ ალპანაში მდებარე მინდია ფრუიძის, ლალი ირემაძის, მამუკა ფრუიძის, მირიან ფრუიძის და ნინო ახალაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საექსპროპრიაციო ფართი ჯამში, 1 510.00 კვ. მეტრსა და მასზე არსებულ ნარგავებს მოიცავს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, დასახელებულ პირებს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ელექტროსისტემის შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

თაია არდოტელი