ეროვნული ბანკი ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფში მიიწვიეს

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფში მიიწვიეს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშნულ ჯგუფში მონაწილეობა, საბანკო საზედამხედველო სტანდარტების განვითარების ადრეულ პროცესებში ჩართვისა და საკუთარი გამოცდილების სხვა ქვეყნებისათვის გაზიარების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

"აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის შეფასების პროგრამის (FSAP) ფარგლებში, საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკის შესახებ წარმატებული დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ, საქართველოს ეროვნული ბანკის მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მიზანშეწონილობა მნიშვნელოვნად იზრდება.

საკონსულტაციო ჯგუფი, ბაზელის საბანკო ზედამხედველობის არაწევრი ქვეყნებისათვის კომიტეტის ახალი ინიციატივების შემუშავებისა და განვითარებისათვის დიალოგის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. ამჟამად ჯგუფში 25 ქვეყანაა გაერთიანებული: ავსტრია, ბულგარეთი, ჩილე, ჩინეთი, ჩეხეთი, ჰოლანდია, უნგრეთი, იაპონია, მექსიკა, ნორვეგია და სხვა ქვეყნები", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.