15 მარტს, იაპონიაში, ქ. ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება.
ბიზნესფორუმში 20 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიის წარმომადგენელი.
ბიზნესფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის საპარლამენტო ვიცე-მინისტრი აკიმასა იშიკავა.
ფორუმის მსვლელობისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გააცნობს.
დღის ბოლოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით, საქართველოს მთავრობის სახელით, გალა მიღება გაიმართება, რომელზეც 300-მდე იაპონური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია მიწვეული.
იაპონიაში ვიზიტის ფაგლებში, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები იაპონური კომპანიების: TEPCO, TOSHIBA, Konica Minolta, HITACHI-სა და MItsubish Motors წარმომადგენლებთან.