ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2050 წლისთვის იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 60 წელს აჭარბებენ, გაორმაგდება. ამიტომ ბევრ ქვეყანაში საზოგადოებას ცხოვრების წესისა და ინფრასტრუქტურის ახლიდან დაგეგმვა უწევს, რათა ისინი ხანდაზმული ადამიანების საჭიროებებზეც იყოს მორგებული. განსაკუთრებით კი იაპონიაში, სადაც მოსახლეობის 1/3 65 წელზე მეტი ასაკისაა.
იმის მაგიერ, რომ მუშაობას თავი დაანებონ, იაპონელმა პენსიონერებმა ცხოვრება მეორედ დაიწყეს - ახალი პროფესიითა და სპეციალიზირებული საცხოვრებლით, რაც მათ აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს.
„ბავშვების სიახლოვეს ყოფნა ენერგიას მაძლევს. ახლა მე მაქვს ყოველდღიური საქმე და შემიძლია, ვიგრძნო, რომ საზოგადოებასთან დაკავშირებული ვარ“- თქვა ერთ-ერთმა პენსიონერმა სეიში ომორიმ. ის 71 წლისაა, მაგრამ როდესაც იძულებული გახდა, რომ სამუშაოსთვის თავი დაენებებინა, სადაც ბავშვების სათამაშოებს აკეთებდა და პენსიაზე გასულიყო, თავი მარტოსულად და იზოლირებულად იგრძნო. სეიში ომორი ტოკიოში ხელისუფლების ინიციატივით შექმნილ სქემას დაუკავშირდა, რომელიც ქალაქის ხანდაზმულ მოსახლეობას „ცხოვრების მეორედ“ დაწყებასა და მოსახერხებელ სამუშაო საათებს სთავაზობდა.
ერთდ დროს ბავშვებისთვის სათამაშოების შემქმნელი კვლავ ბავშვებისთვის მუშაობს, ამჯერად საბავშვო ბაღში, სადაც სრულ განაკვეთიანი- სამსახური რამდენიმე ცვლად არის დაყოფილი, იმისთვის რომ ზოგიერთ პენსიონერს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს.
„მომწონს, რომ სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაცია შემიძლია, ყველას ხელის ჩამორთმევით ვესალმები“, - ამბობს შეიში ომერი.
ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროკო აკიამა, სწორედ დაბერების საკითხზე მუშაობს და ამბობს, რომ საზოგადოებამ თავისი 100 -წლიანი ცხოვრების სწორედ დაგეგმვა უნდა ისწავლოს.
„ჩვენი ინფრასტრუქტურაც კი ჯერ კიდევ მაშინ იყო განვითარებული, როდესაც პოპულაცია გაცილებით ახალგაზრდა იყო. ახლა ჩვენ საზოგადოებაც და გარემოც ისე უნდა გარდავქმნათ, რომ მათ ხანდაზმული ადამიანების საჭიროებებიც დააკმაყოფილონ“, - განმარტა ჰიროკო აკიამამ.
იაპონიის ხელისუფლებისგან მიღებული დაფინანსების წყალობით, პროფესორმა „მეორე ცხოვრების“ სქემა შეიმუშავა. ამ სქემის ფარგლებში, არა მხოლოდ პენსიონერზე მორგებული სამუშაო ადგილები და გრაფიკები შეიქმნა, არამედ ხანდაზმულ ადამიანებზე მორგებული საცხოვრებელი სახლებიც.
„სახლში ვერ ავალ ისე თუ თავიდან კიბე არ გამოვიყენე, მაგრამ ახლა აქამდე ამოსვლაც კი ლიტით შემიძლია“- თქვა სახლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
აღნიშნული საცხოვრებელი კეთილმოწყობილია ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, აქვე არის ექიმიც. მცხოვრებლებს ასევე შეუძლიათ, საზოგადოების გაძლიერების ჯგუფებს შეუერთდნენ, იმისთვის, რომ აქტიურები იყვნენ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 70 და 80 წლის ასაკში მუშაობის იდეა ყველგან ასეთი პოპულარული არ არის, როგორც იაპონიაში, თუმცა ბევრი ხანდაზმული ადამიანი გამოთქვამს მწუხარებას იმასთან დაკავშიირებით, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, სამუშაოს დატოვება უხდებათ.
„იაპონიში მოხუცებსაც კი სურთ მუშაობა, მათ თავისი წვლილის შეტანა და იმის განცდა სურთ, რომ კვლავ საზოგადოების ნაწილნი არიან და სწორედ ამის გამო ირჩევენ მუშაობას. ჩვენ მართლაც ვხედავთ ამ სქემისგან მიღებულ სარგებელს ჯანმრთელობის კუთხით“,- განმარტა პროფესორმა.
სწორედ ამიტომ იაპონია დღეს სულაც არ განიცდის იმ პენსიონერების ნაკლებობას, ვისაც სურს აღნიშნული სქემის ნაწილი გახდეს.
სალომე აბულაშვილი