პარლამენტარ ბექა ოდიშარიას თაბორის #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სხვა, ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
თუმცა, როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, სად და რა მიწის ნაკვეთს მიიღებს ოდიშარია საკუთრების სანაცვლოდ.
„სიმართლე გითხრათ, რა მიწას მიიღებს ბექა ოდიშარია, ჯერ არ ვიცი. ნებისმიერ სიტუაციაში განაშენიანებასთან დაკავშირებით ქალაქის მერია გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რაზეც დედაქალაქის მერმა გააკეთა აქცენტი არის ის, რომ მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის ის პირი, პოლიტიკური სუბიექტია, თანაგუნდელი თუ მეგობარი, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან. არაერთხელ დავამტკიცეთ ის, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცეების შენარჩუნებისთვის მერია ყველაფერს გააკეთებს. ერთ-ერთი მორიგი ობიექტი, რომელსაც მოუწევს მონაცვლეობა და არა განაშენიანება, იქნება ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოგვიწევს მსჯელობა. პირველ რიგში, შევეცდებით მიწით მოვახდინოთ მონაცვლეობა და დიდი იმედი მაქვს, გამოინახება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აქტივები, რომ შევძლოთ ამის მონაცვლეობა“, - განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ოდიშარიას აღნიშნულ მიწის ნაკვეთში 11 მილიონი დოლარი შეიძლება შესთავაზონ.
„მეეჭვება ეს თანხა ღირდეს, არ არის ასეთი დიდი მიწის ნაკვეთი. ეს შეუძლებელია. 3000 კვადრატული მეტრიც არ არის. ბიზნესგეგმის მიუხედავად, არა მგონია, თბილისში გვქონდეს ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელიც 11 მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს, მეეჭვება. ამ მიწაზე არაფერი არ არის განთავსებული და ცარიელი მიწა ამ ღირებულებას არ ექვემდებარება, ამის ნახევარიც არ იქნება“, - განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, თაბორის #1-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე თაბორის #1-ში სასტუმროს აშენება მისაღები არ არის.
„ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექა ოდიშარიას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები“, - აღნიშნა კალაძემ.