დეპუტატი ბექა ოდიშარია მზადაა, კომპენსაციის სანაცვლოდ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი თქვას

დეპუტატი ბექა ოდიშარია მზადაა, კომპენსაციის სანაცვლოდ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი თქვას.

როგორც ოდიშარიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „საკითხს ცივილური გადაწყვეტა ექნება“.

"ადამიანს საკუთრებას ხომ არ წაართმევენ? ბუნებრივია, საკითხს ცივილური გადაწყვეტა ექნება. ის თუ სად მოხდება ჩანაცვლება, შემოთავაზება არის მერიის პრეროგატივა, ხოლო მესაკუთრის პრეროგატივაა ამ თემის განხილვა და დათანხმება", - განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, დეპუტატის საკუთრებაშია თბილისში, თაბორის # 1-ში, ყოფილი ბერძნის ქუჩაზე არსებული ის ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, იქ სასტუმრო არ აშენდება.

„ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექა ოდიშარიას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არ არის მისაღები,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.