დღევანდელი თბილისი აღარ არის ელიავას ბაზრობის სტანდარტი, თუმცა ჩვენი სამიზნე არ არის ის, რომ ვიღაცამ პროდუქცია ვერ გაყიდოს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერიის საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს, რომ მუნიციპალიტეტმა შემოიღოს რეგულაცია, დაადგინოს ის ადგილები, სადაც აკრძალულია გარკვეული სახის პროდუქციის განთავსება-რეალიზაცია, ასევე დაადგინოს რეგულაცია, როგორ უნდა განთავსდეს ეს მასალები დახურულ სივრცეში და როგორ მოხდეს მისი რეალიზაცია ჰაერის დაბინძურების გარეშე.
„ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი დიდი მიზეზი არის სამშენებლო მასალები - უსისტემოდ და რეგულაციის გარეშე მიმოქცევაში გაშვებული სამშენებლო მასალები. ერთ-ერთი ლოკაცია მათ შორის არის ელიავას ბაზრობა. ამის დაკავშირება იმასთან, რომ ელიავას ბაზრობა გადაგვაქვს, არასწორია. ელიავას ბაზრობის გადატანა-არგადატანაზე შეიძლება მსჯელობა და ამაზე პოზიციას დღეს ვერ ვიტყვი, მაგრამ მსჯელობას საერთოდ არ ექვემდებარება ის, როგორც დღეს ხდება სამშენებლო მასალის მიმოქცევა ქალაქის მაშტაბით. ეს მიუღებელია! შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა სამშენებლო მასალების, მეორადი საბურავების, ჰაერში ამტვერებადი მასალების, ფეთქებადი და საშიში ნივთიერებების რეალიზების და განთავსების წესების გამკაცრება ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს ჰაერის დაბინძურების შემცირების და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით პრევენცია“, - აღნიშნა ხმალაძემ.
მისივე თქმით, მერიის მიზანი ელიავას ბაზრობის ქალაქგარეთ გატანა არ არის.
„მე ასე პირდაპირ ამ საკითხს ელიავას ბაზრობასთან არ დავაკავშირებდი, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი ადგილი, სადაც ხდება მოქალაქეების უფლებების შელახვა, ჰაერის დაბინძურება, არის ელიავას ბაზრობა ისევე, როგორც სხვა ისეთი ადგილები, სადაც ხდება საშენი მასალების უსისტემოდ და რეგულაციების გარეშე განთავსება და მათი გაფრქვევა ჰაერში. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები შეეხება ელიავას ბაზრობასაც ისევე, როგორც სხვა ადგილებს, სადაც ხდება ასეთი ტიპის მასალებით ვაჭრობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელიავას ბაზრობა გადავიტანოთ ქალაქგარეთ. ეს კიდევ შეიძლება მსჯელობას დაექვემდებაროს. დღევანდელი თბილისი აღარ არის ელიავას ბაზრობის სტანდარტი. რადგან ეს თვითნებურად აქამდე არ მოხდა, ამას მერია გააკეთებს და თავის სათქმელს იტყვის. არ არის ჩვენი სამიზნე ის, რომ ვიღაცამ პროდუქცია ვერ გაყიდოს, მაგრამ დავუდგენთ პროდუქციის განთავსების და ტრანსპორტირების წესებს“, - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ მერიას სამშენებლო მასალებით მოვაჭრე პირებთან ამ თემაზე მოლაპარაკებები არ ჰქონია.
მერიის შემუშავებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია.