კაფელით და მეტალოპლასტმასის ჯიხურებით მეტროსადგურების მოდერნიზება ჩვენი მეთოდი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია განსხვავებული სტანდარტით მოხდება, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანია არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფთან ერთად იმუშავებს.
„ავლაბრის მეტროს საპროექტო დოკუმენტაცია და საპროექტო ნაწილი მომზადებული და მიღებულია მანამ, სანამ ბატონი კახა მოვიდოდა მერიაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მიღებული დოკუმენტი არ მოგვწონს. რა თქმა უნდა, პროექტი ვიზუალურად დასახვეწია. ჩვენი იდეა არ არის თბილისის მეტროს ვესტიბულების კოსმეტიკური რემონტი, ჩვენი იდეაა მოხდეს სრული რეაბილიტაცია და მოდერნიზება, უნდა დაიწეროს თბილისის მეტროს ახალი ისტორია. ვიზუალური ნაწილი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული, აღარ მაქვს საუბარი უსაფრთხოებაზე. შესრულება უნდა მოხდეს ისეთი არქიტექტურით და დიზაინით, რომელიც ათეულობით წელს გაუძლებს. კაფელით და მეტალოპლასტმასის ჯიხურებით მეტროსადგურების მოდერნიზება ჩვენი მეთოდი არ არის. მერის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანია მოახდენს არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფის მობილიზებას, თუ დასჭირდება გარე რესურსების მოზიდვა, ამასაც გააკეთებენ და განსხვავებული სტანდარტით მოხდება თბილისის მეტროს რეაბილიტაცია“, - განაცხადა ხმალაძემ.