მერიაში ერთ თვეში K2 კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნით 50 განცხადება შევიდა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვთ, 15 თებერვლიდან დღემდე - მას შემდეგ, რაც მერიამ K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა დააფიქსირა, K2 კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებით მერიაში 50 განაცხადი შევიდა.

ამასთან, უწყების ცნობით, 50 განაცხადიდან გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არც ერთ მათგანზე არ არის მიღებული.

თავის მხრივ, როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მერია ინარჩუნებს მკაცრ და პრინციპულ დამოკიდებულებას თითოეულ მოთხოვნაზე, რომელიც აკრძალვის ამოქმედებამდე K2 კოეფიციენტის ზრდის შესახებ შევა უწყებაში.

„განაწესი არის, რომ მიმდინარე განაცხადები განხილვას ექვემდებარება, მაგრამ ამ განცხადებებს, ისევე როგორც აქამდე, დეტალებში და ყურადღებით განვიხილავთ და ქალაქგეგმარებითი პირობებისგან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ახალი რეგულაცია შეეხება იმ განაცხადებს, რომელიც შემოვა მისი ამოქმედების შემდეგ. მგონია, რომ ამის შემდეგ განაცხადები აღარც შემოვა, რადგან აღარავისთვის აღარ გაიზრდება K2 კოეფიციენტი,“ - განაცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.

ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, K2 კოეფიციენტის ზრდის აკრძალვის საკითხი პარასკევს საკრებულოს სხდომაზე განიხილება.

შეგახსენებთ, რომ გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის – K2-ის მატების აკრძალვის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 15 თებერვალს დაანონსა და ამ ცვლილებით თბილისის მერი ქალაქის „ქაოტური განაშენიანების“ შეზღუდვას გეგმავს, თუმცა ეს შეზღუდვა უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე არ გავრცელდება.

საგულისხმოა ისიც, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით ბათუმშიც დაწესდა.

ცნობისთვის, მიწის ფართობი მრავლდება K2 კოეფიციენტზე და იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მოცულობის შენობის აშენების ნებართვა უნდა გაიცეს დეველოპერზე. მაგალითად, თუ მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ-ია, ნორმატიული K2 კი 1.8, საპროექტო K2-ს მივიღებთ : 400*1.8=720 კვ.მ (ესე იგი შენობის სართულების საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 720 კვ.მ-ს.