ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტრენინგი გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიებისათვის ტრენინგი გამართა.

პრეზენტაცია საერთაშორისო ექსპერტმა ჰუგო სლიმბროქმა მოაწყო. ტრენინგს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა კომპანიებისა და სასტუმროების 40 წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის Ovation Global DMC-ის სტრატეგიული პარტნიორობის დირექტორმა ჰუგო სლიმბროქმა საქმიანი ტურიზმის სფეროს განვითარების შესახებ ისაუბრა. Ovation Global DMC მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტ ასოციაციას, კორპორაციას და სააგენტოს აერთიანებს, რომლებიც საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ტრენინგებს და ღონისძიებებს ატარებს. თბილისში ვიზიტისას ჰუგო სლიმბროქმა ბრენდი სასტუმროები დაათვალიერა, სადაც მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი.