ქართული პროდუქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 3 ქართული კომპანია ჰონგ-კონგში ტყავის და ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში „APLF” მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული გამოფენა, რომელიც 13-დან 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურია ამ სფეროში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენა დაახლოებით 23 000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, კერძოდ: „გეფერინი“, „ჰუმანოიდი“ და „კოსმო“. აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

შენიშვნა:

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტის თვეში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის „გეფერინი“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ გამოფენაში, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს „გეფერინსა“ და კომპანია „InterBlock Hong Kong Limited” შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.