სემეკი დღეს ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესებში განსახორციელებელ ცვლილებებს განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 14 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში განსახორციელებელ ცვლილებებს განიხილავს.

სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა მომხმარებელთა ჯგუფებს შეეძლებათ.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სემეკის მიერ დანერგილი ნეტო-აღრიცხვის სისტემა, საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ელექტროენერგია გამოიმუშავოს საკუთარი მოხმარებისთვის განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. ნეტო-აღრიცხვის სისტემა იძლევა შესაძლებლობას ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა მოხდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და არა ძვირადღირებულ აკუმულატორებში. წესების შესაბამისად, განახლებად ენერგიებზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.

საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.